Print this page

ხახული

Rate this item
(1 Vote)

www.taoklarjeti.com


ხახული, შუა საუკუნეების მონასტერი ისტორიულ სამხრეთ საქართველოში, ტაოში, მდ. თორთუმისწყლის ერთ-ერთ გვერდითა ხეობაში, მდ. ხახულისწყლის მარცხენა ნაპირზე, ამჟამად სოფელ ბაღბაშის (BAĞBAŞI ) ტერიტორიაზე. ტაძარში ამჟამად მოქმედებს მეჩეთი.
დააარსა დავით III კურაპალატმა (X საუკუნის II ნახევარი). თანდათან ხახულის მომიჯნავე მიწებზე ჩამოყალიბდა ხახულის თემი - ეკომონიურად დაწინაურებული რეგიონი (უფრო გვიანდელი ხანის ოსმალურ დოკუმენტებში ხახულის თემი "ხახოს ხეობად", ზოგჯერ კი "იშხანის" სახელით იხსენიება. აქ 100-მდე სოფელი და 30-მდე დამოუკიდებელი წვრილი აზნაური ითვლებოდა).
ხახულში შეიქმნა მძლავრი ლიტერატურული კერა. აქ მოღვაწეობდნენ მწიგნობრები და კალიგრაფები: იოანე ხახულელი (X-XI სს.), დავით თბილელი (XI ს.) და სხვა. ყრმობის ჟამს ხახულში მიიღო სწავლა-განათლება გიორგი მთაწმიდელმა. ხახულის მონასტრის მდიდარი ბიბლიოთეკიდან ჩვენამდე მხოლოდ უმცირესმა ნაწილმა მოაღწია. XVI საუკუნეში ხახული ქართლის კათოლიკოსის საგამგებლოში შედიოდა. XVI საუკუნეშივე ოსმალეთის მიერ სამხრეთ საქართველოს ტერიტორიების დაპყრობის შემდეგ, ხახული მოსწყდა ქართულ სახელმწიფოებრივ და კულტურულ ცხოვრებას.
ხახულის მონასტრის დიდი გუმბათოვანი ეკლესია, გეგმით ჯვრისებრი, წაგრძელებული ნაგებობაა, გუმბათი აფსიდის კუთხეებსა და 2 თავისუფლად მდგომ ბურჯს ეყრდნობა. დასავლეთის მკლავი ბოძების ორი წყვილით სიგრძეზე სამ "ნავად" იყოფა. აღმოსავლეთის მკლავი დასრულებულია ნახევარწრიული აფსიდით, რომლის ორივე მხარეს ასევე მცირე აფსიდებით დაბოლოებული თითო სათავსია. ტაძარი მდიდრულადაა მორთული ჩუქურთმებით. გუმბათის ყელი შემკულია გრეხილი შეწყვილებული ლილვებით და მათზე დაყრდნობილი თაღებით, სარკმელთა სათაურებიც მოჩუქურთმებულია.
გუმბათის ყელზე, სვეტის ბაზისებთან ექვთიმე თაყაიშვილმა აღმოაჩინა ასომთავრული წარწერები, როგორც ჩანს, ქვისმთლელთა სახელები: გურსი, ადერკ, მიქელ, ჯავახ, თვალშავა, გიორგი, თვალისა და სხვა. ეს წარწერები ძეგლის თანადროულია. ყველა სხვა კი მოგვიანო ხანას მიეკუთვნება.
განსაკუთრებით გამოირჩევა სამხრეთ შეწყვილებული სარკმლის კომპოზიცია. სარკმლის თავზე ორი ფერის ქვით გამოყვანილი რადიალურად გაშლილი სხივებია, ხოლო მათ ფონზე შეწყვილებული სარკმლის თაღებს შუა ჩასმულია არწივის საყოველთაოდ განთქმული ჰორელიეფური გამოსახულება.   არწივი ისე ოსტატურადაა გამოქანდაკებული და კედელში ჩამაგრებული, რომ გგონია სარკმლის თავზე შემომჯდარი გამჭოლი მზერით გაკვირდება და კლანჭებში მოქცეულ მსხვერპლთან ერთად ეს ესაა  აფრინდება. მთელი კომპოზიცია დაგვირგვინებულია ფართოდ გაშლილი დეკორატიული თაღით, რომლის ზედაპირი დაფარულია ჩუქურთმით. ტაძარი უხვად არის შემკული ჩუქურთმებით (დასავლეთი მკლავის წნულიანი სვეტისთავები და სხვა).
ხახულში გამორჩეულია სამხრეთ ფასადზე განთავსებული შუა კარის შემკულობა. იგი თავის დროზე სამხრეთ ფასადზე გამოდიოდა და ნაწილობრივ  მოგვიანებით მიშენებულმა გალერეამ დაფარა. ი.გივიაშვილისა და ი.კოპლატაძის თქმით: „კარის ტიმპანის ქვაზე „ჯვრის ამაღლების“ სცენაა. კარის გვერდებში გამოისახება: მარცხნივ– ლომი, რომელსაც მსხვერპლის სახით ხარი ჰყავს კლანჭებში; ფასკუნჯი, როგორც განახლებადი სიცოცლის, აღდგომის სიმბოლო; ალექსანდრე მაკედონელის ამაღლების კომპოზიცია; მარჯვნივ ლომის ფიგურა; მამალი; გველეშაპის პირიდან იონას ამონთხევის სცენა, რითაც კიდევ ერთხელაა ხაზგასმულისულის ხსნის, აღდგომის თემა; ამ რიგის ბოლოს წმ.პეტრეს გამოსახულებაა გასაღებით ხელში. წმ.პეტრეს უკავშირდება მამლის ფიგურაც. ამავე ფასადზე სამხრეთი მკლავის აღმოსავლეთ კედელში ჩასმულია რელიეფური კომპოზიცია– ღმრთისმშობელი ყრმით. რელიეფი დაზიანებულია, მაგრამ იკვეთება, რომ ეს არის ელეუსას ტიპის ღმრთისმშობელი, რომელსაც მარცხნივ მყოფი ყრმა საზეზე ეხუტება. ღმრთისმშობლის ყრმით გამოსახულებაში, სადაც დედაშვილობის თემაა წარმოდგენილი, თავისთავად დევს საიდუმლო კოდი: დედამ იცის, რომ მისი ყრმა არის მსხვერპლი კაცობრიობის ხსნისათვის, იცის და ეალერსება შვილს. ამ ალერსში კი გაცხადებულია ამქვეყნიური ცხოვრების მსწრაფლწარმავლობა. ამდენად, ამ ხატებაში გააზრებულია ჯვარცმაც და აღდგომაც“.
ხახულში შემორჩენილია ფერწერის ფრაგმენტები.  მონასტრის საგანძურში იყო ქართული ოქრომჭედლობის ღირსშესანიშნავი ნაწარმოები - XII საუკუნის ღვთისმშობლის კარედი ხატი, რომელიც შემდეგში ხახულის ხატის სახელით გახდა ცნობილი (დაცულია საქართველოს მუზეუმში). ტაძრის ირგვლივ, გალავნის შიგნით, რამდენიმე მცირე სამლოცველოა, რომელთაგან ერთი X საუკუნის დასასრულს განეკუთვნება.