Print this page

იშხანი

Rate this item
(2 votes)

www.taoklarjeti.com



იშხნის საეპისკოპოსო ცენტრი ისტორიულ ტაოში მდებარეობს, მდინარე ოლთისის წყლის ნაპირზე, ართვინის ვილაიეთში. სოფელში (Dagyolu). საკმაოდ მაღალ მთაზე ვიწრო სამანქანო გზა ადის. სიცხისაგან მოხრიოკებული მთები ოქროსფერ დევგმირებს ჰგვანან. მათ მხურვალე კალთებზე კი ერთადერთი ჯიშის ყვავილი ხარობს, იმდენად ლამაზი და გამძლე, რომ იშხნის ცრემლები შეარქვეს.
ამ გადარუჯულ გარემოში ოაზისს ჰგავს სოფელი, რომლის შუაგულში დგას ხოხბისყელისფერი ტაძარი. ექვთიმე თაყაიშვილის ექსპედიციის დროს ეს ადგილი სოფლის განაპირა მხარე ყოფილა.  `ეს საუკეთესო კუთხეა ტაოსი~ _ აღნიშნავს მეცნიერი. წალკოტში ჩაფლული ეკლესიის ყოველი დეტალი თუ ჩუქურთმა მშვენიერია.
ტაო-კლარჯეთისა და შავშეთის ხუთ საეპისკოპოსოს შორის იშხანს უმეტესი სახელი და პატივი ჰქონდა. კათედრალურმა ტაძარმა და საეკლესიო ცენტრმა მოქმედება მხოლოდ XVII საუკუნის მეორე ნახევარში შეწყვიტა.
ტაძარი თავდაპირველად VIII საუკუნის 30-იან წლებში აუგია მართლმადიდებელ ნერსე ეპისკოპოსს. ტაოს ძეგლებს შორის იშხნის სახელი ყველაზე კარგად არის ცნობილი საქართველოში, რადგან `გრიგოლ ხანცთელის ცხოვრებაში~ ერთი ეპიზოდი სწორედ ამ ტაძრის განახლებას ეხება.
კონსტანტინოპოლის მოლოცვის შემდეგ ნეტარი გრიგოლი და ღირსი მამა საბა ტაოში რომ მოვიდნენ და იშხანს მოუახლოვდნენ, გამოეცხადათ ამ ტაძრის პირველი დიდებულება და ეუწყათ, რომ საბამ უნდა აღადგინოს ის დაქვრივებული ეკლესია. თანაც ის ადგილი უკვე მიუდგომელი იყო, მისასვლელი გზაც დაჰკარგვოდათ და ასევე უფლისაგან ეუწყათ, როგორ უნდა მისულიყვნენ. იშხანს რომ ავიდნენ, ძალიან გაიხარეს, რადგან იხილეს სულიერად და ხორციელად სანუგეშო ადგილი. საბამ მეორედ ააშენა ტაძარი და მას იშხნელი ეწოდა. შემდეგ საუკუნეებში კიდევ რამდენიმეჯერ განაახლეს და ეკლესიას საბოლოო სახე ხუროთმოძღვარმა იოანე მორჩაისძემ მისცა. ბაგრატ IV-ის მეფობის დროს იშხნის ეპისკოპოსის იურისდიქცია იმდროინდელი საქართველოს რამდენიმე რეგიონზე ვრცელდებოდა. იმდენად გავლენიანი სასულიერო კერა იყო, რომ ოსმალთა ბატონობის დასაწყისში იშხნელ ეპისკოპოსს თავად სულთანი ამტკიცებდა.
ტაძრის კედლებს ულამაზესი ასომთავრული წარწერები ამშვენებს. მათ რომ კითხულობ, გგონია, ამ ნატიფი ასოების ავტორები და მოხსენიებული პირები _ გიორგი მეფე და შვილნი მათნი, ანტონ ეპისკოპოსი, ბაგრატ კურაპალატი, აშოტ კურაპალატი, ბაგრატ მაგისტროსი და სხვები, საუკუნეთა შემდეგაც იშხნის კედლებში ცოცხლობენ.
`აცხოვნენინ ღმერთმან მეფენი ჩუენნი: დავით ქართველთა მეფე და აშოტ კურაპალატი, ბაგრატ მაგისტროსი და სუმბატ ანთიპატრიკი”.
. იესუ ქრისტე, ადიდე ორთავე შინა ცხორებათა გიორგი მეფე და შვილნი მათნი. ამინ”.
. სახელითა ღმრთისათა მე, გლახაკმა ანტონი ეპისკოპოსმან იშხნელმან, განვაახლე ესე კარისა ბჭე წმიდისა კათოლიკე ეკლესიისა სადიდებლად მეფეთა, გიორგი მეფისა და შვილთა მათთა, სალოცველად სულისა ბაგრატ კურაპალატისასა, შენდობისათვის ცოდვათა ჩუენთასა.~
ამ მეფეთა მოღვაწეობა 958-1024 წლებში თავსდება, ყოველმა მათგანმა იშხნის გამშვენიერებასა და გაძლიერებას წარუშლელი კვალი დაატყო.

გადმოცემის თანახმად შენობის უფრო მეტი სიმტკიცისათვის ოსტატის ბრძანებით ხელოსნებს იშხნის ასაგებად კირი სუხბეჩის საძოვრებზე მობალახე ძროხების რძით უზელიათ, ამით ეკლესიამ მეტი სიმშვენიერე და სიცოცხლე შეიძინაო.
იშხნის კათედრალური ტაძარი ჯერ კიდევ ინახავს მოხატულობის ფრაგმენტებს. გუმბათის სფეროში ჯვრის ამაღლების სცენაა გამოსახული. წრეში ჩაწერილ ჯვარს ოთხი მფრინავი ანგელოზი აღამაღლებს. მოხატულობის ნაწილი შემორჩენილა კედლებზეც და სარკმლის წირთხლებზეც, ხოლო თუ დასავლეთ მხარეს კარგად დააკვირდებით, თანდათან წმინდანთა ლამაზი სახეები გამოიკვეთება. ტაძარში ვნახეთ 24 სტრიქონიანი უნიკალური ასომთავრული წარწერა:
`ადიდენ ღმერთმან უძლეველი მეფეთ მეფე დემეტრე ორთავე შინა ცხორებათა, სალოცველად მეფობისა მათისად და სასენებლად საუკუნოდ თავისუფალ ყვეს სოფელი ლოზნი მკრდი ამის საყდრისაჲ..
მიუკუნენი ძლიერთა მეფეთა დავითის და გიორგისთ. პირველად დავჰკიდენით კანდელნი დღით და ღამით.
რიაკესა მათთ შესწირვიდენ მსხუერპლსა უფროს ყოველთა მეფეთა ქუეყანისათა უძლეველი მეფეთ მეფე დემეტრე, დამათი დედოფალთა დედოფალი ქუეყანისადა ჭეშმარიტად დედოფალი ზეცისათამარ  და შვილნი მათნი ძლიერნი მეფენი დავით და გიორგი, მოსრე ყოველნი მტერნი და მბრძოლნი მათნი და მიეც ცხორებაუშფოთველი საწუთროსა ზედა.~
წარწერის ბოლოს მოხსენიებული დედოფალი თამარი დავით აღმაშენებლის ქალიშვილი და მეფე დემეტრე პირველის დაა, თუმცა იშხანში სჯერათ, რომ ტაძრის მაშენებელი სახელოვანი მეფეთა მეფე თამარია.

ეკლესიაში ხშირად შემოდიან კომპლექსის ტერიტორიაზე მდებარე სკოლის პატარა მოსწავლეები, ეზოსა და ტაძარს ალაგებენ. თუმცა ის საკურთხეველი, სადაც ოდესღაც ალბათ დიდი დედა თამარი ლოცულობდა, დღეს დანგრეული და ცარიელია. იშხნის თავდაპირველი, ნერსესისეული, ტაძრისაგან გადარჩა მხოლოდ საკურთხევლის ნახევარწრიული აფსიდა სვეტებზე თაღების მწკრივით. ძველი აფსიდა გარედან მთლიანად დაფარულია ახალი კედლებით.
ახლანდელი ტაძარი თვალსაჩინოდ წარგძელებული ჯვაროვან-გუმბათოვანი ნაგებობაა, რომლის ჯვარისებრი მოხაზულობა თითქმის მთლიანად იხატება გარედანაც მიწის დონეზე. დასავლეთის, სამხრეთის და ჩრდილოეთის მკლავები სწორკუთხაა. საკურთხევლის აფსიდას ორივე მხარეს მცირე აფსიდებით დასრულებული სადიაკვნე და სამკვეთლო ქონდა. დასავლეთის მკლავი წარმოადგენს სწორკუთხა დარბაზს, რომლის გრძივი კედლები პლასტიკურადაა დანაწევრებული კედლის ნახევარსვეტებით. ჩრდილოეთით მას გრძელი, უაფსიდო სადგომი ეკვრის. გუმბათი ეყრდნობა 4 თავისუფლად მდგომ ბურჯს, რომელთაც ძლიერ პროფილირებული და ჩუქურთმებით შემკული ბაზისები და სვეტისთავები აქვს. მრგვალი გუმბათის ყელი შიგნიდან და გარედან წერილი ლილვებითა და გრეხილებზე დაყრდნობილი თაღებითაა შემკული.
იშხნის ტაძარი ორნამენტის მრავალფეროვნებით, სიმდიდრითა და თავისი არქიტექტურით უმნიშვნელოვანესი ძეგლია. ტაძრის შიგნით ძველი, XI საუკუნის I ნახევრის, მხატვრობის ფრაგმენტებია (1032 წლის შემდეგი პერიოდი).
დიდი ეკლესიის გვერდით ჩუქურთმებით შემკული პატარა სამლოცველოა (1066).
ჩვენამდე მოღწეული ზოგიერთი ნუსხის მინაწერი მოგვითხრობს იშხნელ მოღვაწეთა მწიგნობრულ საქმიანობაზე. ილარიონ იშხნელის (X-XI საუკუნეები) დაკვეთით არის გადაწერილი ასკეტურ თხზულებათა კრებული  და მესტიის სახარება (1033), ამბერკი იშხნელის (XVI ს.) დავალებითა და დახმარებით განუახლებიათ 1233-ით დათარიღებული ხელნაწერი 
იშხანში შეიქმნა ჭედური ვერცხლის მოოქრული ჯვარი, რომელიც, წარწერის თანახმად, 973 წელს ეპისკოპოს ილარიონს იშხნის მონასტრისთვის შეუკვეთია. წარწერაში ნათქვამია: ". ძელო ცხოვრებისაო წინამძღღუარ და მფარველ ექმენ ილარიონ ეპისკოპოსსა. ქრისტე ადიდენ მეფენი ჩუენნი და ერი მათი დაიფარე. ქორონიკონი იყო რჟგ". ჯვრის ზომებია: სიმაღლე 51 სმ. ტარის სიმაღლე 31,3 სმ. ამჟამად ჯვარი საქართველოს ხელოვნების მუზეუმში ინახება, ჯვარცმული ქრისტეს ფიგურა შესრულებულია სკულპტურულად, თუმცა იგრძნობა არქაულობა. ქანდაკებისათვის დამახასიათებელი ნიშნები - მოცულობა, ფორმათა სიმკვრივე - დიდი მხატვრული ძალითა და დინამიკითაა გადმოცემული.