Print this page

ტაო-კლარჯეთის ისტორიული გეოგრაფია

Rate this item
(1 Vote)


www.taoklarjeti.com

მესხეთი

მესხეთი ისტორიული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ზოგადი სახელწოდებაა. ანტიკური წყაროებში (სტრაბონი, ძვ. წ. 64/63 — ახ. წ. 23/24) მოიხსენიება ეს ტერიტორია “მოსხიკეს” სახელწოდებით. ძველი ისტორიული მესხეთი მოიცავდა მტკვრის აუზის ზემო ნაწილს (სამცხე, ჯავახეთი, კოლა, არტაანი, ერუშეთი) და ჭოროხის აუზს მთლიანად (კლარჯეთი, შავშეთი, ტაო, სპერი, ლაზეთი, ნიგალი, ასისფორი, თორთუმი, ბასიანი). გარკვეული პერიოდი აჭარაც და გურიაც შედიოდა მესხეთის შემადგენოლბაში.

ისტორიული მესხეთის ტერიტორია (სამცხე, ჯავახეთი, თორი, კოლა, არტაანი, ერუშეთი, შავშეთი, კლარჯეთი, ტაო, სპერი, ჭანეთი) ცენტრალიზებული ფეოდალური საქართველოს ერთ მესამედს შეადგენდა, რაც დაახლოებით 34,2 ათას კვ. კმ-ია. აქედან დღეისათვის 9,4 ათასი კვ.კმ მხოლოდ სამცხე და ჯავახეთი საქართველოს შემადგენლობაშია მოქცეული, ხოლო დიდი ნაწილი თურქეთის რესპუბლიკის ფარგლებშია.

მესხეთს მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში, რასაც გამოჩენილ ქართველთა სიტყვებიც ადასტურებს:

  • “მესხეთი არის აკვანი საქართველოს დიდებისა...” – მოსე ჯანაშვილი.
  • “იქ გაფანტული კულტურის ნაშთები სულია ჩვენი ერისა” – ვაჟა-ფშაველა.
  • “აქ ოდითგანვე ჟღერდა სიტყვა ქართული რუსთაველისა ...” – ვახუშტი ბაგრატიონი.

სამცხე

სამცხე საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა, ისტორიული მესხეთის ნაწილი. არის მოსაზრება, რომ ადრე ამ მხარეს ოძრხე ეწოდებოდა. მისი ისტორიული საზღვრებია: დასავლეთით - არსიანის მთები, ჩრდილოეთით - ფერსათის მთები, სამხრეთით - ერუშეთის მთები, კასრის სერი, გუმბათისა და ვანის მთები, აღმოსავლეთით - ჭობისხევი.

სამცხის უძველესი ცენტრებია ოძრხე და აწყური (აქ იყო სამცხის ერთ-ერთი მთავრის - სამძივარის რეზიდენცია). სამცხე იყოფოდა ხევებად (შუა საუკუნეების ადმინისტრაციული-ტერიტორიული ერთეული). XI საუკუნის 40-50-იან წლებში სამცხე მსხვილ ფეოდალს ლიპარიტ ბაღვაშს ემორჩილებოდა, შემდგომში კი კვლავ სამეფო ხელისუფლებას. ამ პერიოდში დაწინაურდა ცენტრალური ხელისუფლების ერთგული ფეოდალი სულა კალმახელი, რომლისგანაც სათავეს იღებს სამცხის მთავართა - ჯაყელ-ციხისჯვარელთა ფეოდალური სახლი.მონღოლთაგან სამცხის დაპყრობის შემდეგ, 1266, მთავარი სარგის ჯაყელი "ხასინჯუს" სისტემით უშუალოდ მონღოლებს დაემორჩილა. XII-XIV საუკუნეების სამცხის ეკონომიკური და კულტურული აყვავების ხანაა. აშენდა ტაძრები: საფარა, ზარზმა, ბიეთი, ჭულე. შეიქმნა სამართლის წიგნი (ე. წ. ბექა-აღბუღას სამართლის წიგნი). XVI საუკუნისათვის სამცხეში 2 საეპისკოპოსო იყო - აწყურისა და წურწყაბის. XIV საუკუნის I ნახევარში სამცხისა და მომიჯნე ტერიტორიაზე იქმნება მსხვილი ფეოდალური პოლიტიკური ერთეული სამცხე-საათაბაგო.

სამცხე XIV-XVII საუკუნეებში სამცხე-საათაბაგოს შემადგენლობაში შედიოდა, XVI საუკუნის მე-2 ნახევარში დაპყრობილ იქნა თურქეთის მიერ. 1828-29 წლებში სამცხის ერთი ნაწილი დაუბრუნდა საქართველოს, ხოლო თურქეთის ფარგლებში დარჩა კუთხეები - ყველისხევი, წურწყაბი, ფოცხოვი და ჯაყისწყალი.

თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით სამცხე მოიცავს სამცხე-ჯავახეთის მხარის ადიგენის, ახალციხის და ასპინძის რაიონებს.

ჯავახეთი

ჯავახეთი, მხარე სამხრეთ საქართველოში, ზემო ქართლში (ძირითადად მოიცავს ახლანდელი ასპინძის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების ტერიტორიას), ისტორიულად საზღვრავდა დასავლეთით მდინარე მტკვარი (მდინარის მარცხენა შენაკადი ხევებიმგელციხიდან ასპინძამდე ასევე ჯავახეთში შედიოდა), ჩრდილოეთით, სამხრეთით და აღმოსავლეთით შავვაშეთის, სამსარისა და ნიალისყურის მთები. წყაროებში ჯავახეთი (ზააბახა) პირველად ძვ. წ. 785 წელს იხსენიება ურარტუს მეფის არგიშთი I-ის წარწერაში, როგორც დაპყრობილი მხარე; იმხანად იგი მოიცავდა ჩილდირის ტბის დასავლეთ მხარეს (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია). უძველესი დროიდანვე ჯავახეთი ქართლის სამეფოს ერთ-ერთი საერისთავო ოყო (ცენტრი წუნდა). იგი როგორც აღმოსავლურქართულ, ისე დასავლურქართულ კულტურულ-ისტორიულ სფეროში იყო მოქცეული (ჯავახეთის, ისე როგორც მთელ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს საქართველოს ტოპონიმიკაში, შეიმჩნევა ზანური ენის დანაშრევი ელემენტები). ისტორიული ჯავახეთი იყოფოდა: ზემო ჯავახეთად (ახალქალაქის ზეგანი) და ქვემო ჯავახეთად (მდინარე მტკვრის კანიონი მარცხენა სანაპიროთი).

XI საუკუნიდან ზემო ჯავახეთის ცენტრი გახდა ახალქალაქი. X საუკუნიდან ქვემო ჯავახეთის ცენტრი ხდება თმოგვი. საქართველოს სახელმწიფოებრივი ძლიერების ხანაში (XI-XIII საუკუნეები) ჯავახეთიც აღმავლობის გზას დაადგა; აშენდა ქარვასლები, ხიდები, ეკლესია-მონასტრები, სამეფო რეზიდენციები (დლივი, ღრტილა, ბოჟანო, ვარძია, ალასტანი). XII საუკუნიდან დომენს თორელთა ფეოდალური საგვარეულოს წარმომადგენლები განაგებდნენ.

XIII საუკუნიდან ჯავახეთის ადმინისტრაციული საზღვრებში შედიოდა აგრეთვე პალაკაციო და სამცხის ნაწილი. XV საუკუნეში ჯავახეთი სამცხე-საათაბაგოს სამთავროს ეკუთვნოდა. XVI საუკუნეში სამხრეთ საქათველოს სხვა ტერიორიის ნაწილთან ერთად ოსმალეთმა მიიტაცა. ჯავახეთის ქართული მოსახლეობის ერთი ნაწილი ქვეყნის შიდა რაიონებში - ქართლსა და იმერეთში გადასახლდა. ადგილზე დარჩენილმა იძულებით ისლამი მიიღეს.

XIX საუკუნის I ნახევარში ჯავახეთში კომპაქტურად სახლდებოდა თურქეთიდან დევნილი სომხური მოსახლეობა და რუსეთის იმპერიის შიდა რაიონებიდან გადასახლებული რუსული მოსახლეობა — სექტანტი დუხობორები.

კოლა

კოლა ისტორიულ - გეოგრაფიული მხარეა თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე, ისტორიული მესხეთის ნაწილი. იგი მოიცავს მტკვრის სათავეების ქვაბულს. სახელწოდება წარმოდგება კოლხას ტომის სახელისაგან. უძველესი აბორიგენული მოსახლეობა დასავლურ-ქართული იქნებოდა. ძვ. წ. IV საუკუნეში შედიოდა წუნდის საერისთავოში, ძვ. წ. II-I სს-ში სომხეთის სამეფოს მფლობელობაშია, ახ. წ.-ის I-II სს-ში - იბერიაში. შემდეგ V საუკუნემდე კვლავ სომხეთს ეკუთვნის. IX-XI სს-ში ქართველთა საკურაპალატოშია, XVI ს-დან ოსმალეთის მიერაა მიტაცებული. 1918-21 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაშია. 1921 წლიდან კი ისევ თურქეთის საზღვრებშია.

არტაანი

არტაანი ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე, ისტორიული მხარე და ციხე-ქალაქი მესხეთის ნაწილში. იგი მოიცავს მტკვრის ზემო დინების ორივე მხარეს. მისი თურქული ფორმაა არდაჰანი.

თავდაპირველად არტაანი მხარის სახელწოდება იყო. ლეონტი მროველის (XI ს.) ცნობით, ლეგენდარული მცხეთოსის ძემ, ჯავახოსმა, ააშენა არტაანის ციხე-ქალაქი, რომელსაც მაშინ ქაჯთა ქალაქი რქმევია, მროველის დროს კი - ჰური. იმავე ცნობით, ფარნავაზის დროს, ძვ. წ. III საუკუნეში წუნდის საერისთავოში შედიოდა არტაანი, ჯავახეთი და კოლა. ვახტანგ გორგასალმა აქ საეპისკოპოსო შექმნა და კათედრა ერუშეთში დააწესა. თამარის ეპოქაში არტაანი სანაპირო საერისთავო იყო, შემდეგ სამცხის ათაბაგთა სამთავროში შედიოდა.

XVI საუკუნეში არტაანი დაიპყრეს თურქებმა და ორ ერთეულად გაყვეს: დიდ არტაანად (გურჯისტანის ვილაიეთი) და პატარა არტაანად (ყარსის ვილაიეთი). ამ დროს დიდი არტაანის მტავარ გამაგრებულ ქალაქს ფარაკანი ერქვა. ქალაქის სახელწოდება "არტაანი" XVII საუკუნეში უნდა იყოს შერქმეული. 1877-1878 წლებში რუსეთ-თურქეთის ომის დროს ეს მხარე რუსეთმა დაიკავა. სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულებით და 1878 წელს ბერლინის ტრაქტატით არტაანი რუსეთს შეუერთდა, ხოლო 1918-21 წლების ომის დროს კვლავ თურქეთის ფარგლებში მოექცა.

ერუშეთი

ერუშეთი, ისტორიული მხარე სამხრეთ საქართველოში, არტაანის ჩრდილოეთით (ახლანდელი თურქეთის საზღვრებში). მოიცავდა ტერიტორიას არსიანის ქედსა და ნიალის ველს შორის. სახელი ეწოდა მხარის ცენტრალური პუნქტის მიხედვით. ქართლის სამეფოს უძველესი ადმინისტრაციული დანაწილებით, ერუშეთი არტაანთან ერთად წუნდის საერისთავოში შედიოდა. ძველი ქართული ტრადიის თანახმად, საქართველოში პირველი ქრისტიანული ტაძარი ერუშეთში ააგეს (IV ს.) . შემდგომში (V ს.) ვახტანგ გორგასალს აქ საეპისკოპოსო კათედრა დაუარსებია. XVI საუკუნეში ერუშნელი ეპისკოპოსის ეპარქიაში ერუშეთის გარდა არტაანის მხარის მტკვრის მარცხენა სანაპიროც შედიოდა. XVI საუკუნიდან ერუშეთი სამხრეთ საქართველო სხვა პროვინციებთან ერთად ოსმალთა მფლობელობაში გადავიდა. რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 წლების ომის შემდეგ, სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულების (1878) და ბერლინის კონგრესის (1878) თანახმად, ერუშეთი რუსეთის იმპერიას გადაეცა, შემდგომში მას კვლავ ოსმალეთი დაეუფლა. XIX საუკუნის დასასრულს ერუშეთში იმოგზაურა და ისტორიული ძეგლები შეისწავლა ე. თაყაიშვილმა. მიკვლეულ იქნა ადრინდელი ფეოდალური ხანის სამნავიანი ბაზილიკის ნანგრევები, სადაც შეინიშნებოდა მომდევნო პერიოდების ფრესკათა ნაკვალევი. იქვე ყოფილა სასახლის ნაშთებიც.

კლარჯეთი

კლარჯეთი - მხარე ისტორიულ სამხრეთ საქართველოში. მოიცავდა მდინარე ჭოროხის ქვემო დინების აუზს, არსიანის ქედიდან შავ ზღვამდე(ახლანდელი თუქრეთის ტერტიტორია). კლარჯეთში შედიოდა მურღულის, ეგრის, არტანუჯის, ნიგალის და სხვა ხევები (საკუთრივ კლარჯეთიც თავდაპირველად ერთ-ერთი ხევი იყო). სახელწოდება კლარჯეთი მოდის დაბა კლარჯეთიდან. კლარჯეთის უძველესი ცენტრია ციხე თუხარისი. კლარჯეთს განაგებდა ქართლის მეფის ერისთავი, რომლის რეზიდენცია V საუკუნის II ნახევრიდან არტანუჯის ციხე უნდა ყოფილიყო. მეფე ვახტანგ გორგასალმა აქ ფართო კულტურულ-აღმშენებლობითი საქმიანობა წამოიწყო: ააშენა ეკლესია-მონასტრები, დააარსა ახალი საეპისკოპოსო (ცენტრი ახიზაში). კლარჯეთი ამავე დროს გახდა ირანის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის პლაცდარმია.VI საუკუნეში აქ დამკვიდრდა ბაგრატიონთა დინასტია. IX საუკუნის დასაწყისში მეფე აშოტ I დიდმა არაბთა ლაშქრობებით და ეპიდემიებით გაპარტახებული მხარე აღადგინდა და დაასახლა. ამავე დროს აქ დაიწყო ფართო სამონასტრო მშენებლობა გრიგოლ ხანძთელის თაოსნობით. XI-XIII საუკუნეებში კლარჯეთში ფართოდ გაიშალა კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა. იგი განთქმული იყო ეკლესია-მონასტრებით, რომელთაც კლარჯეთის თორმეტ უდაბნოს უწოდებდნენ. XVI საუკუნეში კლარჯეთი საქართველოს სხვა ტერიტორიულ ნაწილებთან ერთად ოსმალეთმა მიიტაცა. მას მერე ამ ტერიტორიის დედა საქართველოსთან დაბრუნების რამდენიმე მცდელობა იყო, მაგრამ ყველა მათგანი მეტად ხანმოკლე გამოდგა. ბოლოს სხვა ქართულ ტერიტორიებთან ერთად კლარჯეთი საქართველოს XX საუკუნის დასაწყისში შემოუერთდა (1918-1921წწ), მაგრამ 1921 წელს ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსირების შემდეგ ქვეყანამ უდიდესი ტერიტორიები დაკარგა ოთხივე მიმართულებით, მათ შორის კლარჯეთიც. აღსანიშნავია, რომ კლარჯეთში ბოლო საუკუნეებში ხელოვნურად და ძალდატენებით გახორციელებული თურქიზაციის მიუხედავად( ქართული ენის, ქრისტიანობის, ქართული წეს-ჩვეულებების აკძალვა და ქართული მოსახლოეობის თურქეთის სხვადსხვა რეგიონში გადასახლება, კლარჯეთში კი თურქულენოვანი მოსახლეობის გადმოსახლება)ადგილობრივი ქართველები (სხვადასხვა მონაცემებით ორ მილიონზე მეტი ადამიანი)მაინც ინარჩუნებენ ქართულ ენასა და ადათებს, ბევრი მათგანი ფარული ქრისტიანია; საუბრობენ ქართული ენის იმერხეულ კილოზე. ბევრია თუქრიზმები. კლარჯეთის მთიან, მიუწვდომელ ადგილებში მცხოვრები ქართველები ძველი ქართული გარეგნული იერ-სახით გამოირჩევიან: საშუალოზე მაღალი აღნაგობით, ქერა თმითა და ღია ფერის (ცისფერი, მწვანე, თაფლისფერი) თვალებით.

შავშეთი

შავშეთი ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე, ისტორიული მესხეთის ნაწილი. იგი შემოსაზღვრულია არსიანის მთით, არტანუჯის კლდის მასივით და მდინარე ჭოროხით. სახელწოდება მოდის ამავე დასახელების დაბიდან, რომელიც მისი ადრინდელი ცენტრი იყო. IX ს-ში, შავშეთში, ისევე, როგორც მთლიანად სამხრეთ საქართველოში, დიდი აღმშენებლობა მიმდინარეობდა - განსაკუთრებით ეკლესია-მონასტრებისა. 1547 წელს შავშეთი ოსმალებმა დაიპყრეს, 1877-78 წლებში რუსეთმა გაათავისუფლა, შემდგომ კვლავ ოსმალეთმა მიიტაცა.

ტაო

ტაო ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე, ისტორიული მესხეთის ნაწილი. იგი მდებარეობს მდინარე ჭოროხის შუა დინების აუზში. პირველად მოიხსენიება ძვ. წ. 1112 წელს ასურულ წყაროებში “დაიაენის” სახელწოდებით. ურარტული წყაროები “დიაუხის” სახელით იცნობდნენ. ამ მხარეში ცხოვრობდნენ ქართველური ტომები: ტაოხები, ხალიბები, სკვითინები.

ძვ. წ. I ათასწლეულში ტაო შედიოდა კოლხეთის სამეფოში, IV-III სს-ში იბერიის ორგანული ნაწილი იყო, II ს-ში სომხეთი დაეუფლა. ახ. წ. I-II სს-ში ტაო კვლავ ქართლის სამეფოს შემადგენლობაშია, IV-VII სს-ში მამიკონიანთა ფეოდალური საგვარეულოს სამფლობელო იყო. VIII საუკუნეში ტაო პოლიტიკურად ქართლის სამეფოს შეუერთდა, აქ გაიშალა ფართო სამონასტრო მშენებლობა, დასაბამი მიეცა ბაგრატიონთა სამეფო დინასტიას.

XII-XIII სს-ში ტაო საქართველოს სანაპირო საერისთავო იყო, XIII ს-ის მე-2 ნახევრიდან სამცხე-საათაბაგოშია, XIV ს-დან კვლავ ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში. XVI ს-ის 50-იან წლებში სამცხე-საათაბაგოს სხვა ტერიტორიებთან ერთად ოსმალეთმა შეიერთა.

სპერი

სპერი (ამჟამად თურქეთის პროვინცია ისპირი) ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე, ისტორიული მესხეთის ნაწილი. იგი მდებარეობს ჭოროხის ზემო დინებაში. მკვლევართა დიდი ნაწილი სპერსა და მის მოსახლეებს მიიჩნევს აღმოსავლელი ქართული ეთნიკური, სახელმწიფოებრივი და კულტურული წრის შემადგენელ ნაწილად. ძვ. წ. V საუკუნეში ჰეროდოტე იხსენიებს მის მოსახლეობას — სასპერებს (ტერმინი შეიძლება ნაწარმოები იყოს მხარის სავარაუდო სახელწოდებისაგან „სასპერ“-ოდან). სპერის ტერიტორია შავ ზღვამდე აღწევდა (აქედან სახელწოდება „სპერის ზღუა“). ძვ. წ. IV—III საუკეებში სპერი, ქართლის სამეფოს წარმოქმნის დროისათვის, პროვინცია იყო (სტრაბონი სპერის „პარიადრის მთიანეთის“ სახელით იხსენიებს). სპერის მხარის ერთი ნაწილი — ზემო სპერი სხვა ძველ ქართულ პროვინციებთან (ტაო, გოგარენე) პერიოდულად გადადიოდა ხან სომხეთის, ხან ქართლის მფლობელობაში. სომხეთის მფლობელობაში სპერის მხარის ეს ნაწილი მოქცეული იყო ძვ. წ. II საუკუნეში და ახ. წ. III—IV საუკუნეებში (387 წლამდე). სპერის ოლქის უდიდესი ნაწილი და საკუთრივ ძველი ქალაქი სპერი 1570-იანი წლების დამლევამდე თითქმის ყოველთვის შედიოდა საქართველოს საზღვრებში: XII-XIII საუკუნეებში საქართველოს ფეოდალური მონარქიის გამგებლობაშია, XIII საუკუნის II ნახევრიდან სამცხის სამთავროში (სამცხე-საათაბაგოში) შედის. XIII საუკუნის ბოლოს სამცხის მთავარმა ბექა მანდატურთუხუცესმა სპერში დაამარცხა ოსმალთა ლაშქარი. 1578 წლიდან ეს ძირძველი ქართული მხარე ოსმალეთმა მიიტაცა. ამჟამად იგი შედის თურქეთის ისპირის ვილაიეთში. სპერი უაღრესად მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ სწორედ ეს მხარე არის ბაგრატიონთა საგვარეულოს სამშობლო.

ნიგალი 

ლივანა - ლიგანი - ნიგალი, ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი ფეოდალური ხანის სამხრეთ საქართველოში, მდინარე ჭოროხის ქვემო დინებაში. წყაროებში პირველად იხსენიება XI საუკუნეში (ნიგალი). ვახუშტი ბაგრატიონის (XVIII ს.) მიხედვით, მოიცავდა მდინარე ჭოროხის ხეობის იმიერ და ამიერ მხარეს ართვინის სანახებითურთ: " და ართვანის სანახებითურთ, ვიდრე ერგეს საზღვრამდე, ჭოროხის ჴეობის იმერი და ამერი იწოდების ლიგანის ჴეობად. და არს ეს ლიგანის ჴეობა თჳნიერ სივიწროვისა, ფრიად ნაყოფიერი ნარინჯით, თურინჯით, ლიმოთი, ზეთისხილით..." (ვახუშტი, 1941, გვ.136). შემდგომში ლივანად მიაჩნდათ მდინარეების აჭარისწყლისა და ჭოროხის შესაყართან მდებარე ტერიტორია. 1549 წელს ლივანა ოსმალებმა დაიკავეს. რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 ომის შემდეგ ისტორიული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს სხვა ტერიტორიებთან ერთად რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. ამჟამად ლივანის მხოლოდ მცირე ნაწილია საქართველოს ფარგლებში, დანარჩენი კვლავ თურქეთის საზღვრებშია.

დღეს ლივანის მხოლოდ მცირე ნაწილს ფლობს საქართველო, დიდი ნაწილი კი, თურქეთის საზღვრებში რჩება. ქართული ენის ლივანურ კილოზე მოლაპარაკე ქართველობის სოფლებია: ხელვაჩაურის რაიონში : მირვეთი, კირნათი, მარადიდი; მურღულის რაიონში: აგარა, ადუჩა, არხვა, ბაგა, ბაშქოი, ბუჯური, გევლი, გოგლიეთი, გურბუნი, დიალეთი, დურჩა, ერეგუნა, ისკები, კაბარჯეთი, კასიმეთი, კორიდსეთი, ლომეკეთი, ოზმალი, ტრაპენი, ფოროსეთი, ქამილეთი, ქვამჩირეთი, ქობეკეთი, ქორთუკეთი, ქურა, ყავრიეთი, ჩხალეთი, ძანცული, წყალყა, ჭილავრი, ხახური, ხორსოლი, ჯუანი... ბორჩხის რაიონი: აგარა, ავანა, არჰავეთი, ახალდაბა, ბაგენი, ბანაკნა, ბეღლევანი, ბეშავლი,დამფალი, დევსქელი, ებრიკა, ვაზრია, ვალაშენი, ვინტავლი, ზედუბანი, ზელიეთი, თხილაზორი, კატაფხია, კვარჩხანი, კინცხურეთი, კირსა, ზედა მარადიდი, მურკივეთი, ნიგია, ომანა, ორჯი, ოფუჯა, ოხორჯი, პეტრული, საბავრი, უზრუმა, უკარნერე, ქართლა, კლასკური, ღვია, შუახევი, ჩარბიეთი, ჭინკური, ხება, ხინწკანა... ართვინის რაიონში: არდოლა, ბერთა, გვერდაბაღები, დოლისყანა, ერთა ხიდი, თოლგომი, ისკება, კაპარი, კორძული, ლომაშენი, მამაწმინდა, მოხობანი, ნეძვი, ოპიზა, სინკოთი, უსტამისი, ფერსახევი, შურმახი, ჩიდილა, ჩხაკათი, წეფთა, წყალოქრო, ხაიფეთი, ჯმერკი... (შ.ფუტკარაძე). ზოგადი დაკვირვებით, ლივანურში გამოიყოფა: მარადიდული, მურღულური და ბორჩხული კილოკავები. ლივანურში ჴ ნაკლებად ჩანს, სხვა მესხური კილოებისაგან განსხვავებით შეზღუდულია აგრეთვე ეე > იე პროცესი; ლაზურის მსგავსად, ლივანურშიც გააქტიურებულია ერგატივის როლი ("მან ჩანს", გოგომ აკეთეფს საჭმელ"), რიგ შემთხვევაში თავისებურია ზმნური პარადიგმა, აქტიურია II სუბიექტური და III ობიექტური პირის ნიშნები, ზანურისა და ძვ. ქართულის ნორმის მსგავსად, გვ- პირის ნიშნის ნაცვლად გამოიყენება მ- (ჩვენ მაქვან; არნ.ჩიქობავა), -ნენ,/-ენ მრავლობითის სუფიქსის ნაცვლად გამოიყენება -ეს ( ბიჭები ციხიდან გამოვიდეს; შ. ფუტკარაძე), შემონახულია არქაული ქართულისთვის დამახასიათებელი კითხვითი ნაწილაკი ა და სხვ.

თორთუმი

თორთუმი, პროვინცია ისტორიულ საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში (ამჟამად თურქეთის ტერიტორია). ცენტრი თორთომის ციხე (ნანგრევებიღაა შემორჩენილი მდ. თორთომის შუა წელზე). მოიცავდა მდ. ოლთისის (თურქ. ოლთუჩაი) შენაკად მდინარე თორთომის (თურქ. თორთუმჩაი) ხეობას. თორთომი ტაოს მხარეში შედიოდა. ეკლესიურად ექვემდებარებოდა იშხნის ეპისკოპოსს. აქ იყო ქართული კულტურის მძლავრი კერები - ოშკისა და ხახულის მონასტრები. თავისი მდებარეობის გამო თორთომს ერთ-ერთ პირველს უხდებოდა სამხრეთიდან შემოსეული მტრის იერიშის მოგერიება. XIII საუკუნეში ტაოს ერისთავმა თაყა ფანასკერტელმა თორთომის ციხესთან დაამარცხა თურქთა მომთაბარე ტომები. შემდგომში თორთომი სამცხე-საათაბაგოს შემადგენლობაში შედიოდა. XVI საუკუნეში მას საქართველოს სხვა ტერიტორიის ნაწილთან ერთად ოსმალეთი დაეუფლა.

ბასიანი

ბასიანი, პროვინცია ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, ისტორიული მესხეთის ნაწილი, მდინარე არაქსის სათავეების რაიონში (თურქეთის ტერიტორია). სახელწოდებას უკავშირებენ ფასიანების კოლხურ ტომს. სომხეთის სამეფოს წარმოქმნისა და მისი გაფართოების შედეგად (ძვ. წ. II ს.) ბასიანი მის ფარგლებში მოექცა. უფრო გვიან იგი შეადგენდა არარატის სამეფოს ერთ-ერთ გავარს (პროვინციას). 384 წელს რომსა და ირანს შორის ახლო აღმოსავლეთში პოლიტიკური გავლენის სფეროების განაწილების შედეგად ირანის საზღვრებში მოექცა. VII-VIII საუკუნეებში ბასიანი არაბთა სახალიფოს შემადგენლობაში შევიდა. არაბთა მფლობელობის დასუსტებისა და ქართული სამეფო-სამთავროების გაძლიერების პერიოდში ბასიანი საცილობელი გახდა ბიზანტიისა და "ქართველთა სამეფოს" შორის. მალე "ქართველთა სამეფო" მთლიანად დაეუფლა ბასიანს. X საუკუნის I ნახევარში საზღვარი ბიზანტიასა და "ქართველთა სამეფოს" შორის მდინარე არაქსზე დაიდო და ბასიანის ჩრდილოეთი ნაწილი ქართველ ბაგრატიონთა მდლობელობაში დარჩა. 1001 წელს დავით კურაპალატის მემკვიდეობის გამო ბიზანტიასთან კონფლიქტის შედეგად იმიერ-ტაო და ბასიანი ბთლიანად ბიზანტიელთა მფლობელობაში გადავიდა. ქართველები დაჟინებით ცდილობდნენ ბასიანის დაბრუნებას ბიზანტიელთაგან, შემდეგ თურქ-სელჩუკთაგან. XII საუკუნიდან ბასიანი კვლავ ფეოდალური საქართველოს მონარქიის ფარგლებში შედიოდა. 1203 წელს ბასიანში ქართველთა ლაშქარმა სძლია თურქ-სელჩუკებს. 1545 წელს ბასიანი ოსმალებმა მიიტაცეს. XVII საუკუნიდან იგი არზრუმის ვილაიეთის ერთ-ერთი სანჯაყია.

თორი

თორი საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა, ისტორიული მესხეთის ნაწილი. როგორც ცნობილია, სამცხე იწყებოდა ტაშისკარიდან. იგი მოიცავს გუჯარეთისა და შავწყალას ხეობებს და მტკვრის ორივე ნაპირს ტაშისკარიდან დვირამდე. სახელწოდება წარმოდგება დაბა თორისგან. შუა ფეოდალურ ხანაში თორი ცალკე სადროშო იყო, რომელსაც სათავეში ედგა თორელთა საგვარეულო. შემდგომში იგი ათაბაგების გამგებლობაში შედიოდა, XVI საუკუნეში ოსმალებმა დაიპყრეს. XVII-XVIII სს-ში თორი ქართლის სამეფომ დაიბრუნა.

თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით თორი მოიცავს სამცხე-ჯავახეთის მხარის ბორჯომის რაიონის ტერიტორიას.

ისტორიკოსი ლეონტი მროველი, როდესაც მეფე ფარნაოზის მიერ (III საუკუნის ძვ. წ.) ქართველთა სამეფოში ერისთავთა განწესების შესახებ მოგვითხრობს, აღნიშნავს: ”ფარნაოზმა მეექვსე გაგზავნა ოძრხის ერისთავად და მისცა ტაშისკარითგან ვიდრე არსიანთამდის, ნოსტის თავითგან ზღუამდის, რომელ აწ არს სამცხე და აჭარა“.[1] ისტორიკოსის ამ ცნობიდან ნათელია, რომ ოძრხის საერისთაოს აღმოსავლეთ ნაწილი – სამცხე ტაშისკარიდან იწყებოდა.

ჟამთააღმწერელის ცნობით XIII საუკუნის 80-იან წლებში სამცხის მმართველ ბექა I ჯაყელს ”აქუნდა ტაშისკარითგან ვიდრე სპერამდე და ვიდრე შავ ზღუამდე. სამცხე, აჭარა, შავშეთი, კლარჯეთი, ნიგალისხევი, ჭანეთი… ამასვე აქუნდა უმრავლესი ტაო, არტანი, კოლა, კარნიფორი და კარი“[2] ამ ცნობებზე დაყრდნობით მკვლევარი გიორგი ზედგინიძე მიიჩნევს, რომ ბექა ჯაყელის სამფლობელოს აღმოსავლეთი ნაწილი – სამცხე ისევ ტაშისკარიდან იწყება, თუმცა შენიშნავს, რომ ბექა ჯაყელის სამფლობელოში შემავალ მხარეთა შორის ისტორიკოსს თორ-ჯავახეთი არ აქვს დასახელებული. ჟამთააღმწერელი ბექა ჯაყელის თაოსნობით თურქთა წინააღმდეგ მოწყობილ ლაშქრობის ამბავს რომ გადმოგვცემს, აღნიშნავს: ”და ვითარ ცან ბექამან მოსვლა თურქთა, მოუწოდა ყოვლთა მის ქუეშე დაწესებულთა, ტაშისკარითგან ვიდრე ბასიანამდე: მესხთა, შავშთა, კლარჯთა, კოლა-არტან-კარნიფორელთა და უმრავლესტა ტაოელთა, რამეთუ ამას აქუნდა ესე ყოველთა ქუეყანა; ამათ თან თმოგუელთა და თორელთა და შეკრიბა სიმრავლე ერთი ბევრი და ორი ათასი.“ [3] ამ ცნობით ბექა ჯაყელის სამფლობელო ტაშისკარიდან იწყება, ამასთან, ამავე ცნობიდან ნათლად ჩანს, რომ თმოგველთა და თორელთა საპატრონოები ბექა ჯაყელის ”ქუეშე დაწესებულ“ მხარეთა რიცხვს არ ეკუთვნიან, თმოგველნი და თორელნი მას ეხმარებიან მხოლოდ როგორც მოკავშირეები. როგორც მკვლევარი გიორგი ზედგინიძე ასკვნის, აწინდელი ბორჯომის ხეობა XII-XIII საუკუნეებში სამცხის მთავართა – ჯაყელთა და, ჯავახეთის მთავართა – თორელთა შორის ნაწილდებოდა. ეს რომ ასე იყო, ამას ცხადყოფს XVI საუკუნის კარგად ცნობილი დოკუმენტი ”მცხეთის საკათალიკოსო მამულების სია სამცხეს“ (1516 წლისა), რომელშიც პირველად დასახელებულია ძველი მეპატრონენი და შემდეგ ისინი, ვისაც ნუსხის შედგენის დროისათვის უჭირავთ ის საპატრონონი. ბორჯომის ხეობა ნაწილდება ორ ძველ მეპატრონეთა შორის – სამძივრების და ბუმბულის ძეთა შორის. დოკუმენტში აღნიშნულია: ”სამძივარი მისთა სასაფლაოთა, მონასტრითა და კარის ეკლესიით გოგებაშვილს აქუს. ბუმბულის ძენი მათითა სასაფლაოთა, მონასტრითა და კარის ეკლესიით ავალიშვილთ და სლესართა აქუს."

ლაზიკა

ლაზიკა, ისტორიული მხარე დასავლეთ საქართველოში. ფეოდალური ხანის ეგრისის სამეფოს ერთ-ერთი პროვინცია. მოიცავდა ტერიტორიას მდ. რიონის ქვემო დინებასა და მდ. ჭოროხის შესართავს შორის (გვიანდელი გურია, საჯავახო- საჩინოს ჩათვლით და შავი ზღვის აჭარის სანაპირო მხარე). პირველად მოიხსენიება VII საუკუნეში ანონიმური ავტორის "სომხურ გეოგრაფიაში" ("ლაზიკის" სახელწოდებით), ბიზანტიელი ავტორები დასავლეთ საქართველოს ლაზიკის სამეფოს უწოდებდნენ. პროკოპი კესარიელის (VI საუკუნე) მიხედვით, ეს ტერიტორია სრულიად დაუსახლებელი ყოფილა, ხოლო აგათია სქოლასტიკოსი (VI საუკუნე) ლაზიკის ტერიტორიაზე ასახელებს ციხესიმაგრე ტელეფისს (მკვლევარნი აიგივებენ ახლანდელ. სამტრედიის რაიონის სოფ. ტოლებში არსებული ციხესიმაგრის ნანგრევებთან). აქვე ყოფილა ქიტროპოლია, თიხის ჭურჭლეულით სავაჭრო ადგილი. VI საუკუნის II ნახევარში ლაზიკაში შენდება ცნობილი ციხე-ქალაქი და საეპისკოპოსო ცენტრი პეტრა (ახლანდელი სოფ. ციხისძირი, ქობულეთის რაიონი). VIII საუკუნიდან ლაზიკის პროვინციის უდიდესი ნაწილი გურიის სახელით მოიხსენიება.

პარხალი

პარხალი, მხარე საქართველოს ისტორიულ პროვინცია ტაოში (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია), რომლის ცენტრი იყო დაბა პარხალი. ტერიტორიულად მოიცავდა მდინარე ჭოროხის შუა წელის მარცხენა შენაკადის პარხალისწყლის აუზს (სახელწოდება „პარხალი“ უკავშირებენ ანტიკურ წყაროებში) მოხსენიებულ პარიადრის მთიანეთს. პარხალი X საუკუნეში დავით III კურაპალატის მამული იყო. აქ რამდენიმე კმ-ზე გრძელდებოდა კლდეში გამოკვეთილი სარწყავი არხი, რომლის მშენებლობა (XII-XIII საუკუნეების მიჯნა) მეფე თამარს მიეწერება.

პალაკაციო

პალაკაციო, მხარე ისტორიულ სამხრეთ საქართველოში (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია); აბოცს, ჯავახეთს, კოლა-არტაანსა და კარს (ყარსი) შორის მდებარე მიწები; XII საუკუნის ბოლო პერიოდში ადმინისტრაციულად ჯავახეთის სანაპირო საერისთავოში შედიოდა; მომდევნო საუკუნეებში სამცხე-საათაბაგოს შემადგენელი ნაწილი იყო. ამ პერიოდში პალაკაციოს უკვე „ჩრდილის“ (თურქ. „ჩილდირ“) სახელით მოიხსენიებდნენ. 1186/87 წლებში ჯავახეთის ერისთავთერისთავმა გამრეკელ კახას ძე თორელმა დაამარცხა პალაკაციოში შემოსული თურქები. XVI საუკუნეში, იგივე ჩრდილის-ჩილდირის მხარე, ოსმალებმა დაიპყრეს. 1578 წელს აქ გაიმართა დიდი ბრძოლა ოსმალთა და სპარსელთა ჯარებს შორის.

ხაზარები

ხაზარები, ხორზენე (ანტიკური წყაროები - ხოტენე და კორაძენე), მხარე ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში. მდ. ჭოროხის ხეობაში. შუა საუკუნეებში მხრეები ტაო და კოლა. წყაროებში პირველად მოხსენიებული აქვს სტრაბონს (ძვ. წ. I ს. - ახ. წ. I ს.), როგორც ძვ. წ. II ს. ქართლის (იბერიის) სამეფოს ტეროტორია, ანექსირებული სომხეთის სამეფოს მიერ. I-II საუკუნეებში ხორძენე კვლავ ქართლის შემადგენლობაში იყო. III-IV საუკუნეებში ხორძენეს ისევ სომხეთი დაეუფლა. ხორძენეს ერთი ნაწილი (კოლა) ქართლს საბოლოოდ V საუკუნეში შეუერთდა, დანარჩენი (ტაო) - VIII საუკუნეში.

ჭანეთი

ჭანეთი ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე, ისტორიული მესხეთის ნაწილი. III-IV სს-ში იგი მოიცავდა შავიზღვისპირეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ მთიანეთს, მდინარე ჭოროხის ზემო წელის აუზს. მოგვიანებით სახელწოდება გავრცელდა მის მიმდებარე ზღვის სანაპირო ტერიტორიაზე. იგივეა, რაც ლაზეთი, ლაზისტანი, ბერძნული თიანიკე.

მხარე დასახლებული იყო დასავლურ-ქართული ტომით - ჭანებით. VI ს-ში ჭანეთის ტერიტორია ბიზანტიამ დაიპყრო. ამავე პერიოდში აქ გავრცელდა ქრისტიანობა. XIII-XIV სს-ში იგი ტრაპიზონის იმპერიაში მოექცა, 1461 წელს თურქეთმა შეიერთა. ისტორიული ჭანეთის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი - ახლანდელი სოფელი სარფი და მისი მიმდებარე რეგიონი შედის საქართველოს შემადგენლობაში.