Print this page

თამარის არხი (2005)

Rate this item
(1 Vote)

www.taoklarjeti.com



ტაო-კლარჯეთი ერთი დიდი სამყაროა, დიდი მთებით და დიდი ველებით, დიდი ტაძრებით და დიდი ციხეებით. არ ვიცი, ეს მხოლოდ განცდაა თუ მართლა რეალობა, მაგრამ იქიდან აქეთა საქართველო თითქოს გეპატარავება, გგონია, რომ ასეთი რამ დღეს საქართველოში არა გვაქვს, ასეთ რამეს პირველად ხედავ... ასე რომ გვგონია, ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ ჩვენს ქვეყანას სათანადოდ არ ვიცნობთ, მაგრამ ეს სხვა საკითხია. ასეა თუ ისე, იმ არხის მსგავსი, რომელიც 2005-ში პარხლის ხეობაში ვნახე, არაფერი მინახავს მანამდე.
გიორგი კალანდია ფილმს იღებდა ტაოელ ქართველებზე, პარხლის ხეობაში პატარა კუნძულივით, 3 სოფლადღა რომ დარჩენილან ერთ დროს უზარმაზარი პროვინციიდან. რომელ ქართველსაც არ უნდა გამოლაპარაკებოდი, ყველამ იცოდა მეფე `თამარას~ სახელი, რომელსაც `რუ უკეთებია~, `უშენებია~ და `სოფლისთვინ გუმუყვანია~. მთელი არხი გავიარეთ, სოფლიდან სათავემდე. ალაგ-ალაგ კლდე უჭრიათ, ადგილ-ადგილ ჯებირი უშენებიათ, აქა-იქ ალბათ ხისგან გამოთლილი ღარები ჩაუდგამთ (დღეს უკვე ბეტონით შეუცვლიათ) და ულამაზესი სოფლის ტერასებიანი ბაღ-ვენახებისთვის სარწყავი წყალი მიუციათ. დამატებითი სასწაული ისაა, რომ 2-კილომეტრიანი არხი დღესაც მოქმედია და ხალხი მორიგეობით უვლის მას. ყოველ დიდებულ და თვალსაჩინო სიძველეს ქართველი კაცი ხომ სათაყვანებელ მეფე-ქალს უკავშირებს. არც ტაოს ქართველობაა გამონაკლისი. ვინ უწყის, ეგება და ერთხელაც მართლა სწვევია თამარი პარხლის ხეობას და უწყლო სოფლისთვის სასწრაფოდ რუს გამოყვანა უბრძანებია... 

(ჟურნალი ''უფლისციხე'', N 1, 2011)