Print this page

კავკასიძეების ციხე (2005)

Rate this item
(1 Vote)

www.taoklarjeti.com



ვისაც ტაო-კლარჯეთში უმოგზაურია, აუცილებლად მოიხილავდა ოთხთა ეკლესიას. ცენტრალური გზიდან ვიდრე გადაუხვევდა, არ შეიძლებოდა არ შეემჩნია ციცაბო კლდეზე ზვიადად ამომართული ციხესიმაგრე. მნახველთაგან მრავალი მასზე ასვლასა და დათვალიერებასაც შეეცდებოდა, თუმცა მალე დარწმუნდებოდა, რომ ციხე დღეს თითქმის მიუდგომელია, სურათებს გადაიღებდა და ოთხთა ეკლესიისკენ გზას გააგრძელებდა.
2003 წელს, ტაო-კლარჯეთის ექსპედიციაში წასვლის წინ, იქ უკვე ნამყოფმა ზურა ბატიაშვილმა ციხის ფოტო გვაჩვენა და განგვიმარტა, რომ კომპლექსის ქვეშ გამავალი თანამედროვე გზის მშენებლობისას ციხეზე ასასვლელი საცალფეხო ბილიკი მორღვეულა, რის გამოც იქ ასვლა უკვე შეუძლებელიაო. მე მაინც ავალ-მეთქი - ჩემი მცირე ალპინისტური გამოცდილების იმედად კი დავიქადნე, მაგრამ სულ მალე, როცა იქ მოვხვდი, რამდენიმე ცდის შემდეგ სხვათა მსგავსად მეც დავრწმუნდი, რომ თოკის გარეშე ციხეზე ასვლა ძალზე სარისკო იყო. ხელმოცარვა გულში ჩავიდე და დანაქადნების ასრულება სამომავლოდ გადავდე.
2005 წლის ზაფხულში გიორგი კალანდიას გავყევი თურქეთში, დოკუმენტური ფილმის - ''ერთი ჭოროხის შვილები'' გადასაღებად. ასე გვქონდა ჩაფიქრებული, რომ კავკასიძეების ციხეზე ასვლის ეპოპეა ფილმის ერთ-ერთი საკვანძო ნაწილი უნდა გამხდარიყო.
იუსუფელიდან ადრე გავედით და სათანადო ალპინისტური აღჭურვილობით ციხეს მივადექით. რაღაც განსაკუთრებული მოლოდინი გვქონდა. ილია ზდანევიჩის შემდგომ, რომელმაც 1917 წელს, ექვთიმე თაყაიშვილის ექსპედიციის მსვლელობისას, მოახერხა ციხეზე აძრომა და მცირე, თუმცა ფასეული ინფორმაციის ჩამოტანა, კავკასიძეების ციხეზე მკვლევართაგან აღარავინ ყოფილა. არადა, იმ კოხტა ეკლესიაში, ქვემოდან რომ მშვენივრად ჩანს, ფრესკები და მნიშვნელოვანი წარწერა გვეგულებოდა...
კარსმომდგარი აღმოჩენის სიხარული იმდენად დიდი იყო, რომ მარშრუტის შერჩევაზე ბევრი არ გვიფიქრია. ვარიანტი ჯერ კიდევ 2 წლის წინ შევარჩიე - ციხის დასავლეთ მხარეზე ციცაბო კლდეზე ღარს უნდა ავყოლოდით და მერე შედარებით ადვილი იქნებოდა ციხის გალავნამდე აღწევა. გალავნის ერთი მონაკვეთი გარღვეულია და ამ ნარღვევის მეშვეობით ციხეში მოვხვდებოდით. ასეც მოვიქეცი, სასწრაფოდ შევედი ღარში და თვალის დახამხამებაში მივადექი გალავანს. მაგრამ ადგილზე გამაცია, როცა ნარღვევთან აღმოვჩნდი. კედელი ამ ადგილას გახვრეტილი კი არა, მხოლოდ გარედან ჩამოშლილი ყოფილა. უკან დასახევი გზა აღარ იყო. ჟინით შეპყრობილს ისიც დამვიწყებია, რომ თოკი უნდა ჩამება, რათა ასვლის შემთხვევაში ზემოთ დამემაგრებინა და ბიჭებიც ამოსულიყვნენ.
თოკის წვერი ამომიგდეს და მეც შევუდექი დაცვის დამაგრებას. ამ საქმეში გამოცდილები დამემოწმებიან, რომ ვისაც თოკი ''გააქვს'', მისთვის ''დაცვა'' ცოტა არ იყოს და პირობითია, თორემ ღმერთმა დაგიფაროს და მოწყდე, 5-10-მეტრიანი ფრენის შემდეგ სად და როგორ მიენარცხები, ეგ მხოლოდ მამაზეციერმა უწყის. ჰოდა, ''ფსიქოლოგიურმა დაცვამ'', ბავშვობიდან გამოყოლილმა ჯინიანობამ, უკანდახევა რომ მეთაკილებოდა, არშემდგარი ალპინისტობით გაღიზიანებამ, დღემდე ხინჯად რომ მომყვება, პირველნახვის წადილმა თუ უბრალოდ რწმენამ, რომ ღმერთი ჩვენთან არს და რაც მთელი არსებით გინდა, აუცილებლად აგისრულდება, თავისი გაიტანა და რიყის ქვით ნაგებ შვეულ კედელს შევუყევი...
მახსოვს ასვლის ყიჟინა, ჩემიც და ქვემოთ დარჩენილი მეგობრებისაც. მერე მახსოვს, თითქმის ერთი საათი ქანცგამოცლილი ვიჯექი ციხის გოდოლთან. ვიჯექი და არაფრის თავი აღარ მქონდა...
მახსოვს ზარი თბილისიდან, ამაღლებას გილოცავო. რა იცოდა, სად ვიყავი...
ამაღლება ყოფილიყო...

(ჟურნალი ''უფლისციხე'', N 2, 2012)